logo
ENG



"ვითხოვ პასუხს ვინ/რატომ მომიკლა შვილი" - კვარაცხელიას დედა საგამოძიებო უწყებებს მიმართავს

08 მაი 202321:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/08/b0fsbi8ftqcwzlm.jpg

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მიმართავს. ომაძე მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდადებული გიორგი კაველაძის დაკითხვის ოქმის გასაჯაროებას ითხოვს.

ამასთან, როგორც ომაძე Facebook-ზე წერს, მას დაუბრუნეს მაჯის საათი, რომელიც მის შვილს მკვლელობის დღეს ეკეთა. მანამდე ომაძე ამბობდა, რომ ოჯახს საათი მკვლელობის შემდეგ არ უნახავს - ხოლო ამ განცხადების მერე, მას გამომძიებელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ საათი ამ დრომდე ექსპერტიზას ჰქონდა.

ომაძე საგამოძიებო უწყებებისგან საქმის ბოლომდე გამოძიებას მოითხოვს.

"მეგობრებო, უბრალოდ სრულიად უცხო ადამიანებო, ჩემი ტრაგედიის გამზიარებლებო, დამიბრუნდა ჩემი შვილის მაჯის საათი სისხლიანი ლაქებით (ჩემს ემოციებზე რა მოგიყვეთ). ამას რომ შემიცოდოთ იმისთვის არ ვწერ, მოგმართავთ იმისთვის, რომ ერთად შევიცოდოთ ჩვენი შვილები, ევროპის ნაწილი კი არა, მალე რუკაზე არ დავრჩებით როგორც ქვეყანა. ყველამ იცის რომ მე არანაირი პოლიტიკური მხარე არ ვარ. საკმარისად დაზარალდა ჩემი ოჯახი ყველა დროში, მაგრამ ახლა, შვილის ფაშისტურ დახვრეტაზეა საუბარი, რომელიც აგერ უკვე წელიწადი და 8 თვეა არ გამოუძიებიათ. ორი სულგაყიდული  ახალგაზრდის დაპატიმრება არ არის პასუხი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე... ვითხოვ პასუხს ვინ და რატომ მომიკლა შვილი… საკმარისი დრო გავიდა მტკიცებულებების მოსაპოვებლად, დასაკითხად, დააყენეთ შედეგი!!! მცირეწლოვანი შვილების დედას ნუ გამომიყვანთ ქუჩაში!!!

მზად ვარ, თითოეული ახალგაზრდის სახლის კართან მივიდე დასისხლული საათით და არგუმენტირებულად ავუხსნა რომ იგივე ბედი ელით, სანამ თითოეული მოქალაქის უფლება არ იქნება დაცული! ... მესმის, რომ სისტემამ სინდისის და კუჭის ძარღვი ძალიან "მიაჭეჭყა" ერთმანეთს, მესმის შიში სამსახურის დაკარგვისა, მაგრამ ადამიანი სინდისია მერწმუნეთ და თქვით ადამიანებო სიმართლე - ვინც მკვლელი კაველაძის დაკითხვას შეესწარით! გამოაჩინეთ მისი დაკითხვის ოქმი!", - წერს კვარაცხელიას დედა.

***

22 წლის ნიკო კვარაცხელიას 2021 წლის 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე ტყვია ესროლეს. ის მეორე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 2021 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.

შსს-ში აცხადებდნენ, რომ ბრალდებულებმა კვარაცხელიას მკვლელობა დაგეგმეს, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. 2021 წლის 15 სექტემბერს კი ისინი ჩაუსაფრდნენ კვარაცხელიას, აკო ჭელიძემ მისი მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გიორგი კავილაძესთან ერთად ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

2022 წლის 2 თებერვალს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა და მსჯავრდებულები ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, კავილაძეს კი 16.

გარდა ამისა, 2022 წლის 30 მაისს დააკავეს ძმები კაკულიები - მოკლული ახალგაზრდის ოჯახი მკვლელობის დამკვეთებად სწორედ გურამ და დავით კაკულიებს ასახელებს. კვარაცხელიას ახლობლების თქმით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ გაგარინის ქუჩაზე სწორედ კაკულიებს შეხვდნენ მკვლელობაში მსჯავრდადებული ჭელიძე და კავილაძე.

ძმები კაკულიები რამდენიმე გახმაურებულ კრიმინალურ გარჩევაში ფიგურირებენ. ერთ-ერთი ვერსიით,  სწორედ მათ დაუკვეთეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა, თუმცა, ოფიციალურად ეს ვერსია არ დასტურდება. 

ძმები კაკულიები არაყიშვილზე 2 ადამიანის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის საქმეზე დააკავეს და მათ გასულ ზაფხულს პატიმრობა შეეფარდათ. თავად კაკულიები, არც კვარაცხელიას და არც 27 მაისს არაყიშვილის ქუჩაზე სროლის ფაქტთან რაიმე კავშირს არ ადასტურებენ.  

 

 

 


close დახურვა